ივანე მაღლაკელიძე 25 წლის არის, დაუნის სინდრომით, ჩვენ ივიკოს ვეძახით. ის ბაბალეში სხვა ახალგაზრდებთან ერთად მუდმივად გვეხმარებოდა, ამა თუ იმ ნივთის დამზადებასა და შეფუთვაში იღებდა მონაწილეობას.
პანდემიიდან გამომდინარე ბაბალეს დროებით დახურვის შემდგომ ივიკო და სხვა ახალგაზრდები სამსახურის გარეშე დარჩნენ. ბაბალეს განახლების მერე, მუდმივად ვცდილობთ ეტაპობრივად დავასაქმოთ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანები.
ივიკოს ძალიან მძიმე კოვიდ ისტორია აქვს, ის და მისი მშობლები დაინფიცირდნენ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ივიკომ იბრძოლა და დაუძვრა ვერაგ ვირუსს, რაც სამწუხაროდ მისმა მშობლებმა ვერ შეძლეს. ივიკოს ჯერ მამა, ხოლო შემდეგ დედა გარდაეცვალა. ის ახლა თავის დასთან ერთად ცხოვრობს და ჯერ კიდევ გადის პოსტკოვიდურ მკურნალობას. ივიკოს და მათი ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე სამსახურში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
ჩვენმა საწარმომ გადაწყვიტა ყოველგვარი წესების დაცვით ივიკო სამსახურში აღადგინოს, მას ემსახურება ბაბალეს მიერ დაქირავებული ავტომობილი, რომლის საშუალებით სახლიდან სამსახურში მოდის და შემდგომ უკან ბრუნდება. კვირაში 3 დღის განმავლობაში: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 12:00-დან 16:00 საათამდე ივიკო ბაბალეში მუშაობს.
გიგოს ფონდის შემოწირულობების დახმარებით კი მის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ და პოსტკოვიდური პერიოდისთვის საჭირო მედიკამენტებით ვამარაგებთ. გარდა ამისა, ფონდი უზრუნველყოფს მას მედიკამენებით, ფარავს კონსულტაციების და სადიაგნოისტიკო კვლევების ხარჯებს, ქირაობს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჟანგბადის აპარატს, რომელიც ივიკოს ღამით ჯერ კიდევ სჭირდება.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, სოციალური საწარმო ბაბალე და გიგოს ფონდი განაგრძობს ივიკოს მუდმივ მხარდაჭერას. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებსა და გულშემატკივრებს მოგმართავთ თხოვნით, თუ მხარდაჭერის სურვილი გექნებათ შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა გიგოს ფონდში. დანიშნულება #ივიკოსთვის
ანგარიშის ნომერი: GE71BG0000000103082111GEL
პერსონალური დახმარებისა და მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ჩვენს საკონტაქტო ნომერზე: 555 105 405
თუ უბრალოდ ივიკოსთან მეგობრობა და მისი გამხნევება გსურთ, ზემოთ ნახსენებ სამუშაო საათებში გვესტუმრეთ ბაბალეში.
2022-04-13