ქარ
No such results
ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ბაბალე სოციალური საწარმოა, რომელიც შეიქმნა "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" მიერ, მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მშობლები არიან.


ბაბალე - თანასწორ სამუშაო გარემოს ქმნის სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის. ის აერთიანებს ორ სივრცეს: შემოქმედებით სახელოსნოს და სალონს, სადაც გამოფენილია და იყიდება ხელნაკეთი ნივთები.


საწარმოში მზადდება ხის, თიხისა და ტექსტილის დეკორატიული და გამოყენებითი ნივთები, თითოეული მათგანი გამორჩეული, უნიკალური და ხელნაკეთია.


ბაბალეში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა შეისწავლონ დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება ადაპტირებულ შემოქმედებით გარემოში სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით და დაკავდნენ სხვადასხვა პოზიციაზე.


საქართველოში 150 00-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს, მათი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა.


სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დ ამოზარდთა ინკლუზიური განათლებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში ბოლო წლებში გადადგმული პროგრესული ნაბიჯების და მცდელობების მიუხედავად, კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს, როგორც ადეკვატური და ხარისხიანი განათლების მისაწვდომობის არსებობის, ასევე საზოგადოების მხრიდან მწვავე სტიგმატიზაციისა და გაუცხოვების გამო.


ბაბალეს შემოქმედებითი სივრცე საშუალებას მისცემს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებს მიიღონ/აიმაღლონ პროფესიული ცოდნა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინონ და დასაქმდნენ. საზოგადოებას კი, თავის მხრივ მიეცემა საშუალება აღმოაჩინოს და გაიცნოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიონალი შემოქმედები, დაამყაროს მათთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა, გამოხადოს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა და მხარი დაუჭიროს სოციალური მეწარმეობის განვითარებას.


„ბაბალეს წინდა“ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციისა და სოციალური საწარმო "ბაბალეს" პროექტია, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ბანკის მიერ სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის ფარგლებში.


2014 წლიდან ასოციაციის მიერ ხორციელდება უთვალავი ჭრელი წინდის კამპანია #წინდამინდა, რომელიც მსოფლიო კამპანიის ნაწილია და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის გაზრდას ემსახურება.


„ბაბალეს წინდა“ არის სოციალური საწარმოს ახალი პროდუქცია. წინდები შექმნილია ქართველი მხატვრების, საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობისა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ნახატების ინსპირაციის საფუძველზე. თითოეულ წინდას თავისი უნიკალური ვიზუალი და ისტორია აქვს.